English / ქართული / русский /
იოსებ მასურაშვილიალექსანდრე მიქელაძე
ტექნოლოგიების ტრანსფერის ხელშეკრულებები და მათი მიზნები საერთაშორისო ბიზნესში

ანოტაცია

ტექნოლოგიური ტრანსფერის შესახებ ხელშეკრულება არ შეიძლება ჩაითვალოს გამონაკლისად, თუ კონკურენტი ეკონომიკური აგენტებიდან რომელიმეს ერთმევა შესაძლებლობა, მოახდინოს პროდუქციის ფასის ფორმირება საკუთარი შეხედულებისამებრ, რაც არ მოიცავს მაქსიმალური ფასის დაწესების ან ფასის რჩევის შემთხვევას არაკონკურენტ ეკონომიკურ აგენტებთან მიმართებით; ასევე ვერ ჩაითვლება გამონაკლისად შემთხვევა, როდესაც კონკურენტი ეკონომიკური აგენტებიდან რომელიმეს ერთმევა კვლევებისა და განვითარების სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი შეზღუდვა უზრუნველყოფს ლიცენზირებული ნოუ-ჰაუს დაცვას.

საკვანძო სიტყვები: ტექნოლოგიური ტრანსფერი, ეკონომიკური აგენტები, საერთაშორისო ბიზნესი

შესავალი

ცოდნის ეკონომიკის ეპოქაში ახალი ცოდნა ეკონომიკური განვითარებისა და წარმატების საფუძველია. საწარმოების, რეგიონებისა და სახელმწიფოების კონკურენტუნარიანობა მსოფლიო ბაზარზე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად ხდება სამეცნიერო ცოდნის კომერციალიზაცია და გარდაქმნა პროდუქტებსა და სერვისებში; სამეცნიერო ცოდნის კომერციალიზაცია და ტექნოლოგიების ტრანსფერი დამოკიდებულია ეროვნული და რეგიონული განვითარების ე.წ. სამგანზომილებიან მოდელზე, სადაც სამეცნიერო, სამეწარმეო და სამთავრობო სექტორები ეფექტურად თანამშრომლობენ ერთმანეთთან.

ეფექტური საინოვაციო პოლიტიკისა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ჩამოყალიბება საქართველოსთვისაც უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს. ბუნებრივია, ევროკავშირის ზოგადი პოლიტიკა, მსხვილი დონორი ორგანიზაციებისა და ინვესტორების პრიორიტეტები დაუყოვნებლივ აისახა ქვეყნის სტრატეგიულ დოკუმენტებში, თუმცა ამ მიმართულებით ქვეყანაში მხოლოდ პირველი ნაბიჯები გადაიდგა და ახალი ხედვის განხორციელების გზაზე ჯერჯერობით ბევრი გამოწვევა არსებობს.

ინოვაციური კლიმატის გაუმჯობესების პრიორიტეტი დღეისათვის ასახულია ქვეყნის ყველა მნიშვნელოვან დოკუმენტში:

•  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში აღნიშნულია კვლევისა და ინოვაციის საკითხების მნიშვნელობა ეკონომიკის მრავალი მიმართულებით (სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, გარემო, წარმოება და წიაღისეულის მოპოვება, მეთევზეობა და ზღვის პრობლემები).

ხელშეკრულება ითვალისწინებს კვლევისა და ინოვაციისთვის განკუთვნილი ევროკავშირის სახსრების ხელმისაწვდომობას ქართული უნივერსიტეტების, კვლევითი ინსტიტუტებისა და მცირე საწარმოებისთვის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა Horizon – 2020-ის მეშვეობით. ხელშეკრულება დიდ ყურადღებას აქცევს კვლევითი მომსახურების 7 ღონისძიებას, როგორიცაა ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, პროდუქციის ლაბორატორიული ტესტირება და სხვა.

•  მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში საქართველო _ 2020 მოცემულია ქვეთავი „ინოვაცია და ტექნოლოგიები“, სადაც ხაზგასმულია ადამიანური კაპიტალის განვითარების, მცირე და საშუალო ბიზნესის, ფინანსებზე წვდომისა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების აუცილებლობა. სამთავრობო პროგრამაში დიდი ყურადღება ექცევა შესაბამისი სერვისების, შესაძლებლობებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას, სამართლებრივი, რეგულაციური და ინსტიტუციური ბარიერების აღმოფხვრას.

• მსოფლიო ბანკის დახმარებით ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს საქართველოს საინოვაციო სტრატეგიაზე.

•  The Patent Co-operation Treaty (PCT) არის საერთაშორისო ხელშეკრულება 125 წევრ ქვეყანას შორის, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია. PCT შესაძლებელს ხდის ინტელექტუალური საკუთრების დაცვას ერთდროულად ბევრ ქვეყანაში ერთი „საერთაშორისო“ საპატენტო განაცხადის რეგისტრაციით, ცალკეულ ეროვნულ და რეგიონულ საპატენტო განაცხადების ნაცვლად.

ინოვაციებისადმი, კვლევის კომერციალიზაციასა და ტექნოლოგიების ტრანსფერისადმი ინტერესის განმაპირობებელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია გარე საერთაშორისო მოთხოვნები, მაგალითად, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, რომელიც საერთაშორისო ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებს და საწარმოებს გარკვეულ სტანდარტებს უწესებს, განსაკუთრებით პროდუქტის უსაფრთოხების საკითხებში.

წარმატებული კომერციალიზაცია მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პროცესში ჩართული აქტორების ე.წ. სამეწარმეო უნარებზე. ინტერვიუს დროს რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ უნივერსიტეტებისა და ბიზნესის ერთობლივი ხელშეკრულებები ძალიან განსხვავდება იმ ხელშეკრულებებისაგან, რომლებიც ფორმდება დონორებთან.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, იქმნება საჭიროება დეტალური ინფორმაციის მიღების ხელშეკრულების შესახებ, რომელიც ადგენს ჩარჩო-პირობებს სუბიექტებს შორის.

1. ხელშეკრულებების მიმოხილვა ტექნოლოგიური ტრანსფერის შესახებ

ხელშეკრულებები ტექნოლოგიური ტრანსფერის შესახებ მოცემულია 2014 წლის 1 სექტემბერს გამოცემული კანონმდებლობით „კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულების აკრძალვიდან გამონაკლისების შესახებ“, რომელიც ამოქმედდა 2015 წლის 1 იანვრიდან.

მოცემული კანონმდებლობით, ტექნოლოგიური ტრანსფერის შესახებ ხელშეკრულებად განიხილება ორ ეკონომიკურ აგენტს შორის დადებული ისეთი ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე მეორეს გადასცემს ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სალიცენზიო უფლებებს იმ მიზნით, რომ ამ უკანასკნელმა თვითონ აწარმოოს ამ სალიცენზიო უფლებებთან დაკავშირებული პროდუქცია. ამავდროულად, ეს ხელშეკრულება ხელს უწყობს წარმოების ან/და მიწოდების გაუმჯობესებას, ტექნიკურ-ეკონომიკურ პროგრესს, ამასთანავე, ხელს უწყობს მომხმარებელთა კეთილდღეობის ზრდას; ხელშეკრულების მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს არ უწესებს შეზღუდვებს, ეკონომიკურ აგენტებს საშუალებას არ აძლევს, აღკვეთონ კონკურენცია შესაბამისი ბაზრის მნიშნელოვან ნაწილზე. დადგენილება ვრცელდება იმ ჰორიზონტალურ/ვერტიკალურ ხელშეკრულებებზე, რომელიც გულისხმობს:

1.  შეთანხმებას დისტრიბუტორ ეკონომიკურ აგენტთა შორის;

2.  შეთანხმებას ავტოტრანსპორტის სექტორში მოქმედ ეკონომიკურ აგენტთა შორის;

3.  ტექნოლოგიური ტრანსფერის შესახებ ხელშეკრულებას;

4.  სპეციალიზაციის შესახებ ხელშეკრულებას;

5.  საერთო კვლევების წარმოების შესახებ ხელშეკრულებას.

ტექნოლოგიური ტრანსფერის შესახებ ხელშეკრულება დაკავშირებულია ტექნოლოგიების სალიცენზიო უფლებებთან, რომელიც მოიცავს:

1.  პატენტს;

2.  რეგისტრირებულ დიზაინს;

3.  ტოპოგრაფიებს;

4.  ნოუ ჰაუს.

შეზღუდვები არ ვრცელდება ეკონომიკურ აგენტებს შორის დადებულ ისეთ ვერტიკალურ ხელშეკრულებებზე, რომლებიც იწვევს კონკურენციის შეზღუდვას და აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

•  გარიგების მხარეები წარმოადგენენ დისტრიბუტორებს, რომელთა წლიური ბრუნვა (ურთიერთდაკავშირებულ პირებთან ერთად) ბოლო საფინანსო წლის განმავლობაში არ აღემატება 15 000 000 ლარს;

•  ხელშეკრულების მონაწილე ეკონომიკური აგენტები არ არიან კონკურენტი ეკონომიკური აგენტები.

გამონაკლისი ვრცელდება ვერტიკალურ ხელშეკრულებებზე, რომლებიც გულისხმობს არამატერიალურ სიკეთეთა  გადაცემას და/ან ამ სიკეთეებით საერთო სარგებლობას.

დაწესებული გამონაკლისით სარგებლობა შეუძლიათ ეკონომიკურ აგენტებს, თუ ხელშეკრულების ერთ მხარეს წარმოადგენს მწარმოებელი, რომელიც ვაჭრობის უფლების დელეგირებას ახდენს ერთ ან რამდენიმე ეკონომიკურ აგენტზე და ამავდროულად აშკარაა, რომ ეს უკანასკნელნი ვაჭრობის უფლების განხორციელებით მოქმედებენ მწარმოებლის ინტერესებისათვის. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მინიჭებული უფლებით ვერ ისარგებლებენ ეკონომიკური აგენტები, რომელთა შორის დადებული ხელშეკრულება გულისხმობს:

1.  კონკურენციის პირდაპირ ან ირიბ შეზღუდვას დაუზუსტებელი ვადით, ან დაზუსტებული ვადის შემთხვევაში, 5 წელზე მეტი ვადით; განსაზღვრულ შემთხვევად ითვლება ასევე, მხარეთა შეთანხმება დუმილზე, როგორც აქცეპტის ფორმაზე 5 წლის შემდეგ ხელშეკრულების უვადოდ გაგრძელებასთან დაკავშირებით.

2.  მხარისათვის პირდაპირ ან ირიბ აკრძალვას ხელშეკრულების მოქმედების დასრულების შემდგომ, განახორციელოს            გარკვეული საქონლის ან/და მომსახურების დამზადება ან გაყიდვა; გარემოებები არ ჩაითვლება გამონაკლისისადმი მიკუთვნების გამომრიცხავად, თუ ხელშეკრულებით ერთი მხარის მიერ მეორისთვის დაწესებული აკრძალვა აუცილებელია, რათა დაცულ იქნეს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების მეორე მხარისთვის ხელშეკრულების ფარგლებში გადაცემული ნოუ-ჰაუ და ამასთანავე, ვრცელდება მაქსიმუმ ერთი წლით ხელშეკრულების მოქმედების დასრულებიდან ან/და ვრცელდება მხოლოდ იმ საქონელზე ან მომსახურებაზე, რომელიც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს და რაზეც მიმწოდებელს/მწარმოებელს ექსკლუზიური უფლებამოსილებები გააჩნია ან/და ვრცელდება მხოლოდ იმ უძრავ ქონებაზე, რომელსაც მეორე მხარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის იყენებდა.

დაწესებული აკრძალვები არ ვრცელდება ეკონომიკურ აგენტთა შორის დადებულ ხელშეკრულებებზე ტექნოლოგიური ტრანსფერის შესახებ.

1.  გამონაკლისი წესი კონკრეტული ხელშეკრულების მიმართ მოქმედებს იმ ვადითა და ფარგლებში, რა ვადით და ფარგლებშიც იმოქმედებს ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ის სალიცენზიო უფლება, რომელიც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს.

2.  სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ნოუ-ჰაუს შემთხვევაში, გამონაკლისის წესი მოქმედებს მანამ, სანამ ნოუ-ჰაუ შენარჩუნდება საიდუმლოდ. იმ შემთხვევაში, თუ საიდუმლოება დაირღვა ნოუ-ჰაუს მიმღების მხრიდან, გამონაკლისის წესი მოქმედებს ხელშეკრულების დადების ვადით.

3.  დადგენილი გამონაკლისი ვრცელდება ასევე  იმ პროდუქტებზეც, რომლებიც წარმოადგენს ხელშეკრულების საგანს იმ მიზეზით, რომ მათი გადაცემის გარეშე შეუძლებელია სალიცენზიო პირობებისა და სალიცენზიო ხელშეკრულების მიზნის მიღწევა.

ტექნოლოგიური ტრანსფერის შესახებ ხელშეკრულება არ შეიძლება ჩაითვალოს გამონაკლისად, თუ კონკურენტი ეკონომიკური აგენტებიდან რომელიმეს ერთმევა შესაძლებლობა, მოახდინოს პროდუქციის ფასის ფორმირება საკუთარი შეხედულებისამებრ, რაც არ მოიცავს მაქსიმალური ფასის დაწესების ან ფასის რჩევის შემთხვევას არაკონკურენტ ეკონომიკურ აგენტებთან მიმართებით; ასევე ვერ ჩაითვლება გამონაკლისად შემთხვევა, როდესაც კონკურენტი ეკონომიკური აგენტებიდან, რომელიმეს ერთმევა კვლევებისა და განვითარების სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი შეზღუდვა უზრუნველყოფს ლიცენზირებული ნოუ-ჰაუს დაცვას.

2. ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილის ცნება ტექნოლოგიური ტრანსფერის შესახებ ხელშეკრულებებისათვის

ინოვაცია და კრეატიულობა აუცილებელი პირობაა ქვეყნის მდგრადი ზრდისა და განვითარებისათვის, ამასთანავე, კონკურენცია უნდა იყოს ჯანსაღი. 2000 წლიდან მოყოლებული, გლობალური ეკონომიკა ყოველწლიურად 3.2%-ით იზრდება, ამ ზრდის მთავარი გასაღები კი ინოვაციებია. ინოვაცია არის გადამწყვეტი წყარო კონკურენციის, ეკონომიკური განვითარებისა და საზოგადოებრივი ტრანსფორმაციის.

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, „ინოვაციების ხელშეწყობა საქართველოში“, ქართული კომპანიები, რომლებიც აქტიურად გამოიყენებენ ინოვაციებს საკუთარ მოღვაწეობაში,  უფრო სწრაფად ვითარდებიან და 30%-ზე მეტ სამუშაო ადგილებს ქმნიან ვიდრე არაინოვაციური კომპანიები. ინოვაციები განსაკუთრებით მნიშნელოვანია სახელმწიფოსათვის, რადგან იგი ინსტრუმენტია ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, შემოსავლების ზრდისთვის ახალი და ფართო საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოსაჩენად.

ხელშეკრულებები საკუთარი პირობებით ხელს უწყობს სუბიექტებს შორის არსებული ურთიერთობის უკეთ გარკვევაში, რათა აამაღლოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვისა და გამოყენების ეფექტურობა, განსაკუთრებით კი საფინანსო და ბიზნესსექტორში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა მათი კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად და მეწარმეების მიერ ინოვაციური პროექტებისა და დამწყები ბიზნესის დაფინანსების წასახალისებლად.

ხელშეკრულების დადების დროს აუცილებელია შემდეგი ფაქტორის გათვალისწინება: თუ ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ კონკურენტი ეკონომიკური აგენტები, რომლებიც არ ზღუდავენ კონკურენციას შესაბამისი ბაზრის მნიშნელოვან ნაწილზე, ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი განისაზღვრება შესაბამისი ბაზრის 20%-ით ხელშეკრულების მონაწილე ეკონომიკური აგენტებისათვის ერთობლივად. ამასთანავე, თუ ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ არაკონკურენტი ეკონომიკური აგენტები, ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი განისაზღვრება შესაბამისი ბაზრის 30%-ით  ხელშეკრულების მონაწილე თითოეული აგენტისთვის. ეკონომიკური აგენტის წილი შესაბამის ბაზარზე ითვლება უკანასკნელი საფინანსო წლის მონაცემებით.

ხელშეკრულებები, თავის მხრივ, არ ზღუდავს მხარეებს, შექმნან ან/და შეინარჩუნონ არსებული სახელმწიფო მონოპოლიები, სახელმწიფო საწარმოები ან მიანიჭონ საწარმოს სპეციალური ან ექსკლუზიური უფლებები  ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად.

უცხოური ბაზრის სტანდარტებთან შესაბამისი ქართული კანონმდებლობის აღსრულება საშუალებას მისცემს საქართველოს, ჩამოაყალიბოს თავისუფალი, კონკურენტული და განვითარებული ქვეყნების მოთხოვნებთან თავსებადი ბაზარი.

დასკვნა

დასკვნის სახით უნდა აღვნიშნოთ, რომ,  როგორც ზემოთ მოცემული ინფორმაციიდან ვნახეთ, 21-ე საუკუნეში ცოდნა ყველა სფეროში წარმოადგენს წარმატებისა და ინოვაციების საწინდარს, განსაკუთრებით ეკონომიკაში, რომელზეც ქვეყნის განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.

მსგავსი პოლიტიკა საქართველოს შემთხვევაშიც უაღრესად აქტუალურია, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კი პრიორიტეტს წარმოადგენს და ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკის დოკუმენტში არის ასახული ინოვაციების, ტექნოლოგიების, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის, საინვესტიციო კლიმატის, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების, რეგულაციური და ინსტიტუციური ბარიერების აღმოფხვრისა და კვლევების საკითხების მნიშვნელობა.

გამოყენებული ლიტერატურა

1.  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის ნ#526 დადგენილება, `კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულების აკრძალვიდან გამონაკლისების შესახებ~.

2.  გოგოძე ი. (რედ). (2014). ევროკავშირის რეგიონული საინოვაციო პოლიტიკა და აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა.

3. OECD (2009). “Regional Concentration of Patents”, in OECD Regions at a Glance 2009, OECD.

4. World Economic Forum. (2014) The Global Competitiveness Report 2014–2015.

5. The World Bank. (2015). Georgia National Innovation Ecosystem. Project Information document (PID). Concept stage.

6. The World Bank. (2014). Georgia Public Expenditure Review: Strategic Issues and Reform Agenda. Volume 1.